შიდსი


1. რა არის შიდსი?
2.როგორ გადაეცემა შიდსის ვირუსი?
3. რა სიმპტომები ახასიათებს შიდსს?
4. ვინ მიეკუთვნება შიდსის მაღალი რისკის ჯგუფებს?
5.შიდსის გავრცელების რა ხელშემწყობი ფაქტორები მოქმედებს საქართველოში?
6.როგორ ხდება ადამიანის ინფიცირების დადგენა?
7. შეიძლება შიდსისგან განკურნება?
8. როგორ დავიცვათ თავი შიდსისაგან?

რა არის შიდსი?
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი), რომელსაც ხალხმა 20 საუკუნის შავი ჭირი უწოდა, სადღეისოდ მიჩნეულია კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის შემდეგ. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ეს ვირუსი უშუალოდ აზიანებს ადამიანის დამცველ, ე. წ. იმუნურ სისტემას და მწყობრიდან გამოყავს იგი, რის შედეგადაც ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან სიმსივნური დაავადებები, როგორც წესი, სასიკვდილო შედეგით.
თანამედროვე კლასიფიკაციით დაავადებას ეწოდება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული ინფექცია (აივ ინფექცია), ხოლო საკუთრივ ტერმინით ”შიდსი” აღინიშნება დაავადების მხოლოდ ბოლო სტადია, როდესაც გამოიხატება დაავადების ძირითადი კლინიკური ნიშნები.

შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.

როგორ გადაეცემა შიდსის ვირუსი?
ცნობილია შიდსის ვირუსის გადაცემის სამი გზა:
1.სქესობრივი კონტაქტით (ვაგინალური, ანალური და ორალური);
2.ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით (აივ ინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო. ინსტრუმენტების გამოყენებისას);
3. ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე გადაცემის გზით (მუცლადყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს).

 

გახსოვდეთ, შიდსის ვირუსი არ გადაეცემა:
ჰაერ-წვეთოვანი გზით, ნერწყვით, ხველით, ცხვირის დაცემინებით ან კოცნით. შესაბამისად, არ არის საშიში ინფიცირებულთან საუბარი;
1·საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით. არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, ალერსი, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო საპირფარეშოთი და აბაზანით სარგებლობა. არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა სასწავლო დაწესებულებებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა კინოთეატრი, სტადიონი, საცურაო აუზი და სხვ. არ არის საშიში მეტროთი და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა;
2.ვირუსი არ გადადის მწერებისა და ცხოველების საშუალებით.
რა სიმპტომები ახასიათებს შიდსს?
ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, რომელიც საშუალოდ 3-10 წელს გრძელდება, ინფიცირებული ადამიანი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობს. შიდსი კლინიკურად გამოვლინდება იმუნური სისტემის ღრმა დაზიანების შემდეგ და ხასიათდება მრავალფეროვანი სიმპტომატიკით. ყველაზე ხშირად მას ახასიათებს:

· ტემპერატურის უმიზეზო მომატება 1 თვეზე მეტი ხნის მანძილზე;

· ლიმფური კვანძების გადიდება;

· ძლიერი საერთო სისუსტე;

· მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე;

· გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას;

· ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით;

· თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე;

· პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და სხვა

ვინ მიეკუთვნება შიდსის მაღალი რისკის ჯგუფებს?

შიდსი საფრთხეს უქმნის მთელ მოსახლეობას, მაგრამ საზოგადოების მთელი რიგი ფენები, მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, გაზრდილი საფრთხის წინაშე დგანან. დღეისათვის საქართველოში აივ ინფექცია ძირითადად ნარკომანიის გზით ვრცელდება, გამოვლენილ ინფიცირებულთა 50% ინტრავენული ნარკომანია.

მაღალი რისკის ჯგუფებს აგრეთვე მიეკუთვნებიან:

· ჰომოსექსუალისტები;

· მეძავები და მათი პარტნიორები;

· ვენერიული სნეულებებით შეპყრობილნი;

· ტუბერკულოზით დაავადებულნი;

· ჰემოფილიით დაავადებულნი და სისხლის რეციპიენტები;

· მოგზაურები და სხვ.

შიდსის გავრცელების რა ხელშემწყობი ფაქტორები მოქმედებს საქართველოში?

· ნარკომანიის ფართოდ გავრცელება (ინტრავენული ნარკომანთა სავარაუდო რიცხვი 200 000-ს აღემატება);

· მოსახლეობის სულ უფრო მზარდი მიგრაცია და არასახარბიელო სიტუაცია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შიდსის მხრივ;

· მოსახლეობის დაბალი სანიტარული კულტურა და შიდსის შესახებ ცოდნის დაბალი დონე;

· პრეზერვატივებით უზრუნველყოფის დაბალი დონე და მათზე ტრადიციულად დაბალი მოთხოვნილება;

· სამედიცინო აპარატურის, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, ერთჯერადი შპრიცებისა და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების, სასტერილიზაციო საშუალებათა ნაკლებობა.

როგორ ხდება ადამიანის ინფიცირების დადგენა?

შიდსის ვირუსით ინფიცირების დიაგნოზის დასმა სპეციფიკური ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია. აივ ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ემყარება სისხლში საკუთრივ ვირუსის, მისი ცალკეული ცილების (ანტიგენები) ან ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენას. შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები სისხლში ჩნდება ორგანიზმში ვირუსის შეჭრიდან მხოლოდ 6-8 კვირის შემდეგ, ამიტომ გამოკვლევა უნდა ჩატარდეს შესაძლო ინფიცირების მომენტიდან სულ ცოტა თვენახევრის შემდეგ.

შეიძლება შიდსისგან განკურნება?
სადღეისოდ არ არსებობს შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან რაიმე სამკურნალო საშუალება. მაგრამ იმედისმომცემია ბოლო დროის მიღწევები ანტივირუსული პრეპარატების შექმნის სფეროში.

როგორ დავიცვათ თავი შიდსისაგან?

· დაიცავით ოჯახური სიწმინდე და ერთგულება ერთი ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორისადმი;

· თავი შეიკავეთ შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისაგან ან ასეთი კავშირის შემთხვევაში აუცილებლად ისარგებლეთ პრეზერვატივით;

· არ დაუშვათ აივ ინფექციაზე შეუმოწმებელი სისხლისა და მისი პრეპარატების გადასხმა;

· ისარგებლეთ მხოლოთ ერთჯერადი ან სათანადოდ გასტერილებული შპრიცით და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებით;

· ორსულმა ქალებმა ჩაიტარეთ გამოკვლევა შიდსის ვირუსზე, რათა თავიდან აიცილოთ ინფიცირებული ბავშვის დაბადება.

Posted on March 15, 2012, in თემები. Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

  1. saintereso iyo😉😀 :)))))

%d bloggers like this: